თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, პრეზიდენტ ბაიდენის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა ბაიდენის მიერ ნახსენები ფრაზა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრის" თაობაზე.
ფსაკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
მანამდე, პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ "მცირე შეჭრის" შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვმა ნაკლებად სერიოზული საფასური გადაიხადოს.
ბაიდენის ამ განცხადებას რესპუბლიკელი სენატორის ბენ სასეს კრიტიკა მოჰყვა. მისი თქმით, ბაიდენმა ამ განცხადებით, "პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის".
პრესკონფერენციის დასრულებიდან მალევე, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი დიდი ხნის გამოციდილებით იცით, რომ რუსეთს აქვს არასამხედრო აგრესიული ქმედებების დიდი მარაგი, მათ შორი კიბერშეტევები და გასამხედროებული ტაქტიკები. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი", - ნათქვამია ჯენ ფსაკის განცხადებაში.
ბაიდენის განცხადებას რესპუბლიკელმა სენატორი რობ პორტმანიც გამოეხმაურა.
"რუსული ჯარების ნებისმიერი შეჭრა უკრაინაში უნდა განიხილებოდეს, როგორც ფართომასშტაბიანი, რადგან ეს გამოიწვევს უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის თავისუფლებისმოყვარე სახელმწიფოების დესტაბილიზაციას", - თქვა მან.
როგორც ჩანს ბაიდენის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია კიევშიც. CNN-ი ესაუბრა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ კიევი შოკირებული და განცვიფრებულია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით. მისი თქმით, კიევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ბაიდენი რუსეთის შეჭრას მცირე და ფართომასშტაბიან კატეგორიებად თუ განიხილავდა.