გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, ლონდონი მზადაა უკრაინას, რუსეთის შესაძლო აგრესიის აღსაკვეთად, დამატებით შეიარაღება მიაწოდოს. ამის შესახებ მდივანმა უოლესმა Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"განვიხილავ უკრაინაში კიდევ უფრო მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის საკითხს. არ გამოვრიცხავ არაფერს, რათა დავეხმარო უკრაინას თავდაცვის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა უოლესმა.
"დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვით ძალების ჩამოყალიბებაში უკვე 8 წელია და გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ეს დახმარება რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის ფონზე. ბრიტანეთი მხარს უჭერს თავის მოკავშირეებს", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება დაიწყო. კრემლმა ლონდონის ეს ნაბიჯი რეგიონში დაძაბულობის გაღვივების მცდელობად შეაფასა.
ლონდონში რუსეთის საელჩომ ტვიტერზე დაწერა: "ნათელია, რომ ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება მხოლოდ კრიზისს გაამწვავებს და დაძაბულობას გაამძაფრებს".