დიდი ბრიტანეთის განცხადებით, ლონდონმა დაიწყო კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება, რათა რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხის ფონზე, დაეხმაროს უკრაინას აგრესიასთან გასამკლავებლად.
BBC-ის ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვი მდივანმა ბენ უოლესმა დაადასტურა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, მივაწოდოთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების სისტემები", - განაცხადა უოლესმა.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, შეიარაღების პირველი პარტია უკრაინაში უკვე გაიგზავნა. მისივე თქმით, იარაღის მიწოდების გარდა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში ტრენინგებს ჩაატარებენ.
ბენ უოლესს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის და ოდენობის იარაღი იგზავნება უკრაინაში.
"ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. ისინი გამოყენებული იქნება თავდაცვისთვის", - თქვა მდივანმა.
"ეს იარაღი მოკლე რადიუსზე მოქმედებს, მაგრამ მას შეუძლია, შეაკავოს და დააფიქროს ადამიანები გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ თუ ტანკები შეიჭრებიან უკრაინაში, მაშინ ეს იარაღი თავდაცვის მექანიზმის შემადგენელი გახდება", - დასძინა ბენ უოლესმა.
The Guardian წერს, რომ მიწოდებული იარაღი, დიდი ალბათობით, იქნება ახალი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსის მოქმედებით, რომელიც შექმნილია რუსეთის მძიმე სატანკო არმიასთან გასამკლავებლად.
გამოცემის ინფორმაციით, ამ იარაღს დაახლოებით ისეთივე შესაძლებლობები აქვს, როგორც ჯაველინს, თუმცა მასავით მძლავრი არ არის.
ფოტო: EPA