ლისაბონის სამიტის ფარგლებში ISAF-ის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფოს მეთაურების სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და მის კოლეგებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიხელ სააკაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას კიდევ ზრდის.
საქართველომ ალიანსს ავღანეთში 20 ინსტრუქტორის გაგზავნა შესთავაზა.
შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე არაწევრი ქვეყნების ლიდერებს მათი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
"დღეიდან ჩვენ ავღანეთის მისიის ახალ ფაზაზე გადავდივართ. ამიერიდან ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მთავარ როლს უკვე ქვეყნის მთავრობა შეასრულებს... ეს არის შეხედულება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი კარზაიც იზიარებს და რომელიც მომავალი წლიდან რეალობა გახდება. ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას გავაგრძელებთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სტრატეგიული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ეს წარმატება იმავეს ნიშნავს, რასაც ავღანელი ხალხისათვის... თუ ავღანეთის მტრები ელოდებიან თუ როდის დავტოვებთ ქვეყანას, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ავღანეთში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენი დროც ჩვენი მუშაობის დასრულებას დასჭირდება", - განაცხადა რასმუსენმა.
შეხვედრაზე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.