უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება უკრაინის სტრატეგიული გეგმების - ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავს.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ბაიდენსა და აშშ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს დახმარება არა მხოლოდ გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ - უკრაინის ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის ჩვენი არმიის დონეს და მისი რესურსების შესაძლებლობებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება პრიორიტეტია, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები დადგება.
"მკაფიოდ განვაცხადეთ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის და სიტუაციის დეესკალაციის მკაფიო უპირატესობაზე. ამასთან, ძალიან ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ თუ ის გადაწყვეტს, განაახლოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში დღეს ჩავიდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.