"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლის, ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებით პოლიტიკა არ შეიცვლება.
"ამ გადადგილებით არაფერი შეიცვლება. ეს პოლიტიკას არ შეცვლის. უბრალოდ, იმ ადამიანებმა რომლებიც ისედაც ახდენდნენ ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ფორმირებას, ერთმანეთში ადგილები გაცვალეს. რამდენად პოზიტიური იქნება ეს ცვლილება, ამას გვაჩვენებს დრო", - განუცხადა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთ წარმომადგენელ გია თორთლაძეს, მისი შეფასებით, მთავარი არა კადრების შეცვლა, არამედ ისაა, რომ უწყებებმა "მნიშვნელობა შეიძინონ".
"მთავარია, ყველა უწყებამ შეიძინოს მნიშვნელობა. მაგალითად, უშიშროების საბჭო უფრო ეფექტური გახდეს. თუ ეს ცვლილება უფრო ეფექტურს გახდის, მაშინ მას მივესალმები. ასევე უნდა შეიცვალოს რეინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს", - განუცხადა თორთლაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი დიპლომატიურ სამსახურში გადადის და პრეზიდენტი მის კანდიდატურას აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მოიაზრებს, უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი კი, იაკობაშვილის უკვე ყოფილ პოსტს იკავებს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხდება. პრემიერ გილაურის ბრძანებულების საფუძველზე, ის, ასვეე ქვეყნის ვიცე-პრემიერიც იქნება.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია დაიკავებს, რომელიც აღნიშნულის პარალელურად, კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს. ის უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველიც ხდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამინდელი ელჩი ბათუ ქუთელია კი, საქართველოში გამოწვევის შემდეგ მუშაობას ისევ სახელმწიფო სამსახურში - უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილედ გააგრძელებს.
წინასწარი ინფორმაციით, იაკობაშვილი, ტყეშელაშვილი, ბოკერია და ქუთელია ახალ თანამდებობებზე მუშაობას, მომავალი კვირიდან შეუდგებიან.