ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი მიესალმა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა მიგრაციის მინისტრის განკარგულება, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე.
"მივესალმები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი საზღვრების სიმტკიცე და ავსტრალიელთა უსაფრთხოება. ავსტრალიელებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს პანდემიის გამო და ისინი სამართლიანად მოელიან, რომ ეს მსხვერპლი ამაო არ იქნება", - თქვა მორისონმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავსტრალიის ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ქვეყანას სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, ქვეყნის ეკონომიკა კი აყვავებას განაგრძობს.
თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას მიგრაციის მინისტრი ალექს ჰოუკიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა.
შეგახსენებთ, ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელი, რომლითაც ის ავსტრალიის ვიზის მეორედ გაუქმებას აპროტესტებდა.
ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა პატივს სცემს მას და დაემორჩილება.
უახლოეს საათებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი დეპორტირებული იქნება ავსტრალიიდან და ვერ შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე 17 იანვარს, სპორტული ღონისძიების გახსნის დღეს უნდა ეასპარეაზა.