ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება BBC.
მინისტრმა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მოტივით ახსნა.
მინისტრის გადაწყვეტილება ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციის მომასწავებელია, თუმცა 34 წლის სერბ ჩოგბურთელს კიდევ აქვს სამართლებრივი გზა, რათა მოიპოვოს ავსტრალიაში დარჩენის შესაძლებლობა.
ჩოგბურთელის იურიდიულმა გუნდმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აპირებენ გაასაჩივრონ მინისტრის გადაწყვეტილება, რათა სპორტსმენმა დარჩეს ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირში, რომელიც 17 იანვარს დაიწყება.
რამდენიმე დღს წინ, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა სპორტმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო.
8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 10 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის მოთხოვნა და გააუქმა სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება.
ტურნირი Australian Open-ი 17-30 იანვარს იმართება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტურნირი სერბი ჩოგბურთელისთვის დიდი შანსია გამარჯვებების რაოდენობით აჯობოს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს თავი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მისი თქმით, აცრის გაკეთება ან მასზე უარის თქმა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი შეურჩიეს - Novax ("არა-ვაქც").