ავსტრალიის სასამართლომ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება მისცა. ამრიგად, გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. რამდენომე დღის წინ ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა სპორტსმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო.
თუმცა, როგორც BBC იტყობინება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯოკოვიჩს არ აძლევს გარანტიებს, რომ ის ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას შეძლებს. ავსტრალიის მიგრაციის საკითხთა მინისტრს აქვს უფლება კვლავ გააუქმოს მას ვიზა და ქვეყანაში არ შეუშვას.
ჯოკოვიჩის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ჩოგბურთელმა დეკემბერში კორონავირუსი გადაიტანა და მიიღო სამედიცინო ცნობა, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებას უხსნიდა. თავად სერბი ჩოგბურთელი ამჟამდ იმყოფება მელბურნში, დეპორტაციის მომლოდინეთა ცენტრში.
შაბათს, 8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მისი ადვოკატების თქმით, ტურნირ Tennis Australia-ს ორგანიზატორმა მას ვაქცინაციისაგან ვალდებულების გათავისუფლების შესახებ აცნობა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მას ქევყანაში შესვლის უფლება აქვს.
"მე ვუმტკიცებდი, რომ კორონავირუსი 2021 წლის დეკემბერში გადავიტანე და ამის საფუძველზე გათავისუფლებული ვიყავი აცრისგან ავსტრალიის მთავრობის წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ტურნირი Australian Open-ი 17-30 იანვარს იმართება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტურნირი სერბი ჩოგბურთელისთვის დიდი შანსია გამარჯვებების რაოდენობით აჯობოს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს თავი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მისი თქმით, აცრის გაკეთება ან მასზე უარის თქმა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი შეურჩიეს - Novax ("არა-ვაქც")