14 იანვარს დანიაში დედოფალ მარგრეტე II-ის ტახტზე ასვლის 50-ე წლისთავი აღინიშნება.
სამეფო კარის ინფორმაციით, ღონისძიება პანდემიის გამო ვიწრო ფორმატში გაიმართება.
81 წლის მარგრეტე II დანიის მეორე მონარქია, რომელმაც ტახტზე ამდენ ხანს დაჰყო. ყველაზე ხანგრძლივად დანიაში მეფობდა კრისტიან IV, რომელიც 60 წლის განმავლობაში იკავებდა ტახტს. კრისტიან IV მე-16-17 საუკუნეებში მეფობდა.
ოქროს იუბილის თარიღს აღნიშვნა გრანდიოზულად იგეგმებოდა, თუმცა ამ განზრახვას კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა.
საიბიულეო თარიღის ფარგლებში, დანიის პარლამენტში დედოფლის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა პანდემიის გამო, მათ ვიზიტი გააუქმეს.
გარდა ამისა, სამეფო ოჯახი ეწვია როსკილეს კათედრალს, სადაც გვირგვინით შეამკეს, დედოფალ მარგრეტეს მშობლების, ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდას საფლავები.
მიუხედავად პანდემიისა, როსკილეს კათედრალთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რათა მისალმებოდნენ დედოფალს და პატივი მიეგოთ მისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. პარალელურად გაიმართა მცირე საპროტესტო აქცია, სადაც გაისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები.
სამეფო სახლმა განაცხადა, რომ დღის ბოლოს ოჯახის წევრები შეიკრიბებიან და აღნიშნავენ დედოფლის ოქროს იუბილეს.
დანიური მედიის ინფორმაციით, ამ თარიღის სრულმასშტაბიანი აღნიშვნა ამ წლის 10-11 აგვისტოს არის დაგეგმილი. დანიის ეროვნულმა ბანკმა დედოფლის პატივსაცემად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
მარგრეტე II დანიის ტახტზე 1972 წლის 14 იანვარს ავიდა.