"ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილნი ვართ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ამასთან, ვაშაძის განმარტებით, შეხვედრა საქმიანი, მეგობრული, პარტნიორული და ისეთი იყო, როგორიც სტრატეგიულ მოკავშირეებს შეეფერებათ.
რაც შეეხება უშუალოდ განსახილველ თემებს, ვაშაძის თქმით, მხარეებმა საუბარი ავღანეთში მიმდინარე ოპერაციით დაიწყეს.
"აშშ-ის პრეზიდენტმა პრეზიდენ სააკაშვილს ძალიან ვრცლად გადაუხადა მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს აისეფის ოპერაციაში შეაქვთ", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური პირისპირ შეხვედრა გუშინ, ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.