საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო.
"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა მნიშვნელოვან პლატფორმებზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ორგანიზაციების და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ახლებული ხედვით წარმოჩინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იყო", - განუცხადა ზღულაძემ ჟურნალისტებს სააკაშვილი-ობამას შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ქართული მხრიდან თავადაც ესწრებოდა.
შევხედრის კიდევ ერთი მონაწილის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განმარტებით კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრაზე ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოში გატარებული რეფორმების ქებას.
"შეხვედრა არა მხოლოდ სომბოლური თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის ყველა სფერო - რაც არის ქარტიაში და რაც არ არის ქარტიაში. ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან დიდი დრო დაუთმო ჩვენი რეფორემების ქებას. ასევე ვილაპარაკეთ იმ საკითხებზე, რომლებიც რეგიონალურ უსაფრთხოებას და ჩვენს მეზობლებს უკავშირდება", - განუმარტა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას პირველი ოფიციალური პირისპირ შეხვედრა, გუშინ, ლისაბონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა.