პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს კიევის გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს, რადგან ალიანსი მას უკრაინისგან განცალკევებით განიხილავს.
"ადრე მოხსენიებული იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყნები. შემდეგ, როცა უკრაინამ განაცხადა, რომ აღარ უნდა ამ ეტაპზე ალიანსის წევრობა, საფრთხე გაჩნდა და შიგნითაც იყო ლობირება, რომ მასთან ერთად საქართველოს საკითხიც ქვემოთ დაწეულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. საქართველო გამოყვეს ცალკე პარაგრაფში და ამიერიდან, ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის საკითხის განხილვა უკრანისგან განცალკევებით მოხდება", - განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლისაბონის სამიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე განმარტებით, "ნატო მაღალ შეფასებაც აძლევს საქართველოს პოლიტიკურ, დემოკრატიულ და უსაფრთხოების რეფორმებს და კვლავ მხარს უჭერს ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი აქამდე ერთ პაკეტში განიხილებოდა.