სააკაშვილისა და ობამას რიგით პირველი პირისპირ შეხვედრა წუხელ, ლისაბონში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს,
ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და ზრდად პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე.
გარდა ამისა, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით, დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით, რომელიც ოთხ ფართო სფეროს მოიცავს: დემოკრატიულ რეფორმას, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ეკონომიკის დარგში და ხალხთა შორის კავშირს.
ამასთან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს გზას ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებისკენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვისაც, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.