საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, "ლელო", ზოგადად ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური ძალების მიერ, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებები, ტყუილია.
„მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი სასამართლომ ცნო დამნაშავედ უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში - ეს არის თაღლითობა. ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო ხანდაზმული, მათ 7-7 წელი მოუწევდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალებისგან თითქოსდა სასამართლოს გამოყენება რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ტყუილი. საზოგადოებას მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, „ლელო“, ზოგადად ოპოზიციის ეს ნაწილი ატყუებდა, რადგანაც დადასტურდა, რომ ეს პირები სწორედ, რომ დამნაშავეები არიან უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის უმძიმესი მუხლი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7 წლით ითვალისწინებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში და სასჯელად განუსაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლა ავთანდილ წერეთელიც.
აღსანიშნავია, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურის მიერ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რაც მოსამართლემ თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა. ავთანდილ წერეთელს ბრალი ფულის გათეთრებაში მონაწილეობაში მიღებისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც მოსამართლემ თაღლითობაში მონაწილეობით გადააკვალიფიცირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გაასაჩივრებენ. თავის მხრივ, პროკურატურამ განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.