უკრანისა და საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანების საკითხი რუსეთისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" დიალოგის ფარგლებში, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
რიაბკოვის განცხადებით, აბსოლუტურად აუცილებელია, რუსეთი დარწმუნდეს, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი.
"რუსეთისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, დავრწმუდეთ იმაში, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი გვსურს, რომ ფორმულა, რომელიც ნატო-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიიღეს, გაუქმდეს და შეიცვალოს შემდეგი სიტყვებით - "უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატო-ს წევრები... დავიღალეთ ცარიელი სიტყვებით, ნახევრად დაპირებებით, არასწორი ინტერპრეტაციებით, რაც ხშირად ხდება დახურულ მოლაპარაკებებში. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვჭირდება ფოლადივით მტკიცე, იურიდიული გარანტები და არა დაპირებები", - ციტირებს რიაბკოვის სიტყვებს სააგენტო "რია".
რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვმა დეტალურად აუხსნა ვაშინგტონს თავისი წინადადებების ლოგიკა და განმარტა, თუ რატომ არის ნატოს გაფართოების სამართლებრივი გარანტიების მიღება რუსეთისთვის აბსოლუტური იმპერატივი.