აშშ არ დაუშვებს დაიხუროს ნატო-ს კარი რომელიმე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების, "სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე" დიალოგის ფარგლებში, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა.
"არავის მივცემთ უფლებას ნატო-ს კარი დაუხუროს სხვა ქვეყანას", - განაცხადა შერმანმა. მან აღნიშნა, რომ აშშ არ განიხილავს სხვა ქვეყნების საკითხებს მათი მონაწილეობის გარეშე.
"ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმის, რომ წარიმართოს კონსულტაციები და კოორდინირებული ურთიერთობა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე", - განაცხადა შერმანმა.
მოლაპარაკებები გაეროს ჟენევის ოფისში, აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლობაში პრესისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა და შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობდა, რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
განხილვის მთავარი საკითხი ევროპის უსაფრთხოება და უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო აგრესია იყო. რუსეთმა გასული წლის ბოლოს დასავლეთისგან მოითხოვა გარანტები, რომ ნატო შეწყვეტს აღმოსავლეთით გაფართოებას. უპირველესად, ეს მოთხოვნა უკრაინასა და საქართველოს ეხება.