მიანმარის სპეციალურმა ტრიბუნალმა ქვეყნის ყოფილ ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს აუნ სან სუ ჩის კიდევ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო პერსონალური რაციების ქვეყანაში უკანონოდ შეტანასა და შენახვაში, ასევე კოვიდრეგულაციების დარღვევაში.
ბოლო ერთ თვეში 76 წლის აუნ სან სუ ჩისთვის ეს მეორე განაჩენია. დეკემბრის დასაწყისში პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევასა და არეულობი წაქეზებაში და ასევე 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვინებით კი განაჩენი 2 წლამდე შეუმცირეს.
ახალი საქმის განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. უფლებადამცველებმა ორივე ბრალდებას და სასამართლო პროცესებს უკვე უწოდეს აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული. ამის გარდა, მიანმარის ხუნტა აუნ სან სუ ჩის ადანაშაულებს კორუფციაში, ღალატში, სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებასა და არჩევნების გაყალბებაში. თუ პოლიტიკოსს ყველა ამ ბრალდებაში დამნაშავედ აღიარებენ, მას საერთო ჯამში 100 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აუნ სან სუ ჩი პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის" ლიდერია. მან 15 წელი შინა პატიმრობაში გაატარა. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. 2015 წელს არჩევენბში პარტიის გამარჯვების შემდეგ აუნ სან სუ ჩი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ფაქტობრივად, სახელმწიფოს ლიდერი გახდა.
2021 წლის თებერვალში მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა - არმიამ პარტია "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის" 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, ისე, რომ მტკიცებულებები არ წარუდგენია. აუნ სან სუ ჩი კვლავ დააპატიმრეს.
მიანმარი გადატრიალების შემდეგ სულ უფრო ეფლობა ქაოსსა და ძალადობაში. საქველმოქმედო ორანიზაციების მონაცემებით, ხუნტის საწინააღმდეგო პროტესტების დროს სულ მცირე 1 447 ადამიანი მოკლეს, 11 400-მდე კი დააპატიმრეს.