ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და დღიურად, საშუალოდ 3000 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ახალ შტამს, მინისტრმა განმარტა, რომ ლაბორატორიულად 1000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
„დადებითი არის ის, რომ ომიკრონის მიმდინარეობა არის შედარებით მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელიც. იმ შემთხვევაში თუ ომიკრონის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.
ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობას. ასევე უკვე შეკვეთილია და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება ფაიზერის და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეიდან, „ჯანმო“-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ კლინიკებში მკურნალობა.
მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი, დავიცვათ რეგულაციები და დისტანცია და აუცილებლად ვატაროთ პირბადე. მინდა ასევე მოქალაქეებს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებისგან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე.