მთელი ლიბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელი სახელმწიფო კომპანია Electricite du Liban (EDL) იუწყება.
კომპანიამ ელექტროენერგია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც არამუნის გამანაწილებელ სადგურში მომიტინგეებმა შეჭრა სცადეს, რათა იქ არსებული ტექნიკა დაეზიანებინათ. ქვეყანაში საპროტესტო აქცია ელექტრომომარაგებაში შექმნილი რეგულარული შეფერხებების გამო დაიწყო.
როგორც სააგენტო AFP იტყობინება, შეფერხებები გამოწვეულია ლიბანში არსებული ფინანსური კრიზისითა და ნავთობის გართულებული იმპორტით, რომელიც აუცილებელია ელექტრომომარაგებისათვის.
2021 წლის ოქტომბერში დროებით გაჩერებული იყო ლიბანის ორი მსხვილი ელექტროსადგური, რასაც სახელმწიფო ელექტროსისტემის სრულად გათიშვა მოჰყვა. მაშინ ელექტრომომარაგების აღდგენა მხოლოდ 24 საათის შემდეგ მოხდა.
ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ლიბანი ნახევარ წელზე მეტია ვერ ახერხებს ელექტროსადგურების ნავთობით მომარაგებას, რის გამოც, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა დღეში 20-22 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ქვეყანაში ასევე საგრძნობია ბენზინის, მედიკამენტებისა და სასმელი წყლის დეფიციტი.