თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უნდა დაიხუროს "ჯოჯოხეთის კარიბჭის" სახელით ცნობილი კრატერი, რომელიც ათეულობით წელია იწვის.
"ჩვენ ვკარგავთ ღირებულ ბუნებრივ რესურსებს, რისგანაც შეგვიძლია მივიღოთ მნიშვნელოვანი მოგება, რასაც ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ", - თქვა ბერდიმუჰამედოვმა სატელევიზიო გამოსვლისას.
პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს უბრძანა, რომ "გამონახონ გზა ცეცხლის ჩასაქრობად".
კრატერში ცეცხლის ჩაქრობის ინიციატივით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 2010 წელსაც გამოვიდა, მაგრამ უშედეგოდ.
"ჯოჯოხეთის კარიბჭეს" ბერდიმუჰამედოვმა 2018 წელს ოფიციალურად უწოდა "ყარაყუმის ბრწყინვალება".
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" ყარაყუმის უდაბნოში, დედაქალაქ აშხაბადიდან 260 კილომეტრზე მდებარეობს. მისი წარმოშობის მიზეზები დღემდე ბუნდოვანია. ზოგი თვლის, რომ კრატერი ნავთობის მოპოვების მიზნით, საბჭოთა კავშირის მიერ არასწორად წარმართულმა ბურღვამ წარმოქმნა.
ერთ-ერთ ვერსიით, საბჭოთა ბურღვის დროს, ბუნებრივი აირის საბადოში 1971 წელს მიწა ჩაინგრა და კრატერი შეიქმნა, რის შემდეგაც ბუნებრივმა აირმა დაიწყო გამოყოფა. პრობლების გადაჭრა აირისთვის ცეცხლის წაკიდებით გადაწყდა იმ იმედით, რომ აირი რამდენიმე დღეში დაიწვებოდა, თუმცა ის დღემდე იწვის.
2013 წელს კრატერი გამოიკვლია კანადელმა მეცნიერმა ჯორჯ კურუნისმა, რომელმაც განაცხადა, რომ შეუძლებელია, კრატერის წარმოშობის მიზეზების დადგენა.
როგორც იუწყებიან, თურქმენეთის პრეზიდენტს "ჯოჯოხეთის კარიბჭის" დახურვა გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის მიზეზების გამო სურს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს იყოს გაზის ექსპორტის გაზრდის მცდელობის ნაწილი.
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" თურქმენეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა.