"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიესალმება "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს დაგეგმილ ეროვნულ კრებაში მონაწილეობის შესახებ. მან სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა წარმომადგენლობით სახალხო კრების ინიციატივას შეურთდნენ და 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მივიდნენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე გააცხადა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, 25 ნოემბერს დაიწყება ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. ბურჯანაძის განცხადებით, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.
"თუ ოპოზიციიდან ვინმე გადაწყვეტს, რომ ხალხს კიდევ უმტყუნოს, ხალხი ხელისუფლებას მათაც ზედ მიაყოლებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგაიზატორიც "თანხმობის დარბაზი" იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმი" ეროვნულ სახალხო კრებაში, რომელიც 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს.