ხვალიდან, 20 ნოემბრიდან, "თანხმობის დარბაზი" ოპოზიცურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის წარმოამდგენლობით სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან, კონსულტაციებს დაიწყებს. კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციურ სპექტრის გაერთიანების, ასევე 25 ნოემბერს დაგეგმილ ეროვნული კრების საკითხებთან დაკავშირებით დარბაზ "ჯაზუში" გაიმართება. ამის შესახებ ვერის საკალათბურთო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე "თანხმობის დარბაზის" ერთ-ერთმა წევრმა იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მეტად უნდა ჩაერთოს. "თანხმობის დარბაზის" უპირველესი მოვალეობა კი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პოლიტიკური პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ანალიზი და მათი გადაწყვეტა იქნება.
"შეუძლებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ნებისმიერი ცალკე ძალა დაუპირისპირდეს. გვაქვს ამბიცია, სამოქალაქო საზოგადოება გავაერთიანოთ, თუმცა თავის მხრივ ოპოზიციურ სპექტრშიც უნდა იქნას ერთობა მიღწეული და სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება სანაგვეზე", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
"თანხმობის დარბაზის" სამუშაო ჯგუფში შევლენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მელქაძე, ელდერ ხვისტანი, იური ვაზაგაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნოდარ ეფრემიძე, მერაბ ჯიბლაძე, ჯაბა გამცემლიძე.
დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.