შეერთებულმა შტატებმა ბოსნიელი სერბების ლიდერს, ბოსნია და ჰერცეგოვინის სამმხრივი საპრეზიდენტო საბჭოს წევრს, მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. იტყობინებიან შტატების სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტები.
ფედერალური უწყებების განცხადებით, სანქციების ქვეშ ასევე მოექცა მილორად დოდიკის კონტროლს დაქვემდებარებული კერძო ტელეკომპანია Alternativna Televizija.
სანქციების თანახმად, შეერთებულ შტატებში გაყინულია როგორც დოდიკის, ისე მასთან ასოცირებული ტელეკომპანიის აქტივები.
მათივე განცხადებით, სანქციები უკავშირდება მილორად დოდიკის კორუფციულ საქმიანობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინის სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ძირის გამოთხრას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დოდიკმა გამოიყენა მისი ოფიციალური თანამდებობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, რათა მოეხვეჭა სიმდიდრე უკანონო შემოსავლებით, ქრთამით და კორუფციის სხვა ფორმებით.
"თავისი ქმედებებით, მილორად დოდიკი ემუქრება 1995 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ცნობილია, როგორც დეიტონის შეთანხმება", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების განცხადებით, ქალაქ ბანია-ლუკაში (რესპუბლიკა სრპსკას ადმინისტრაციული ცენტრი) დაფუძნებული კერძო ტელევიზია (Alternativna Televizija) მჭიდრო კავშირშია დოდიკების ოჯახთან და მილორად დოდიკი პირადად ახორციელებს კონტროლს მედიაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ მილორად დოდიკი ითხოვს, პოლიტიკურად სენსიტიურ თემების გაშუქებისას დეტალები მასთან შეთანხმდეს.
62 წლის მილორად დოდიკი, რომელიც ამავე დროს, ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის (რესპუბლიკა სრპსკა) მმართველი კოალიციის ლიდერია, იმუქრება, რომ სერბთა რესპუბლიკას ბოსნია და ჰერცეგოვინიდან გამოიყვანს.
გასული წლის დეკემბერში, სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბოსნიის შეიარაღებული ძალების, სასამართლო და საგადასახადო სისტემიდან გამოყოფას.
ამასთან, სახალხო ასამბლეის დეპუტატებმა მწვანე შუქი აუნთეს რეგიონულ მთავრობას, რათა მან შემდეგი 6 თვის განმავლობაში, შეიმუშაოს ახალი კანონმდებლობა არმიის, საგადასახადო და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს ბოსნია და ჰერცეგოვინის მიერ მიღებულ კანონებს.
ამის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე აღძრა "კონსტიტუციური წესრიგის შელახვის" ბრალდებით.
"დეიტონის შეთანხმების" შედეგად, რომელმაც წერტილი დაუსვა 1992-1995 წლების სამოქალაქო ომს, ყოფილი იუგოსლავიის რეპუბლიკამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ დაიყო ორ ავტონომიურ ერთეულად - ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია და სერბთა რესპუბლიკა (რესპუბლიკს სრპსკა).
ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაში ბოსნიელი და ხორვატი მოსახლეობა დომინირებს, ხოლო სერბთა რესპუბლიკაში ეთნიკური სერბები ჭარბობენ.
ზემოთხსენებულ ორივე ავტონომიურ ერთეულს თავისი მთავრობა და პარლამენტი ჰყავს. ამავდროულად, არსებობს ერთიანი მმართველი ორგანო - ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭო (პრეზიდიუმი).