ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის (რესპუბლიკა სრპსკა) პარლამენტის, სახალხო ასამბლეის დეპუტატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ბოსნიის შეიარაღებული ძალების, სასამართლო და საგადასახადო სისტემიდან გამოყოფას. იუწყება Deutsche Welle.
"ეს არის სერბთა რესპუბლიკის თავისუფლების მოპოვების მომენტი", - თქვა კენჭისყრის შემდეგ, ბოსნიელი სერბების მმართველი კოალიციის ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელსაც დიდი ხანია თვალი უჭირავს ბოსნიიდან გამოყოფაზე და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.
კენჭისყრაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიუხედავად, სერბთა რესპუბლიკის ბოსნიის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გამოყოფის გადაწყვეტილება ავტომატურად არ შევა მოქმედებაში, რადგან იგი პარლამენტის ზედა პალატის თანხმობასაც საჭიროებს.
ამასთან, სახალხო ასამბლეის დეპუტატებმა მწვანე შუქი აუნთეს რეგიონულ მთავრობას, რათა მან შემდეგი 6 თვის განმავლობაში, შეიმუშაოს ახალი კანონმდებლობა არმიის, საგადასახადო და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს ბოსნია და ჰერცეგოვინის მიერ მიღებულ კანონებს.
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საელჩოებმა, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ერთობლივ განცხადებაში სახალხო ასამბლეის გადაწყვეტილებას ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.
"სერბთა რესპუბლიკის მმართველი კოალიციის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი ჩიხური სიტუაციების შექმნა, რომელიც ძირს უთხრის დეიტონის შეთანხმებას, დააზარალებს რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას, ასევე ბონისა და ჰერცეგოვინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დეიტონის ხელშეკრულება
"დეიტონის ხელშეკრულების" შედეგად, რომელმაც წერტილი დაუსვა 1992-1995 წლების სამოქალაქო ომს, ყოფილი იუგოსლავიის რეპუბლიკამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ დაიყო ორ ავტონომიურ ერთეულად - ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია და სერბთა რესპუბლიკა (რესპუბლიკს სრპსკა). ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაში ბოსნიელი და ხორვატი მოსახლეობა დომინირებს, ხოლო სერბთა რესპუბლიკაში ეთნიკური სერბები ჭარბობენ.

მილორად დოდიკი, რომელიც ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინის სამმხრივი ეთნიკური საპრეზიდენტო საბჭოს სერბი წევრია, მოწადინებულია, რომ გააუქმოს ომის შემდგომი რეფორმები და დაუბრუნდეს 1995 წლის კონსტიტუციას, რომელშიც სახელმწიფო წარმოდგენილი იყო მხოლოდ ძირითადი ინსტიტუტებით და ყველა უფლებამოსილება ეკუთვნოდათ რეგიონებს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, მილორად დოდიკი, რომელიც ოდესღაც დასავლეთის ქვეყნების ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რუსეთის მფარველობას ესწრაფვის, რომლის პრეზიდენტსაც 2 დეკემბერს კრემლში შეხვდა.