საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო პრეპარატ "მოლნუპირავირის" შემოტანა იგეგმება. ამის შესახებ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, შესყიდვის პროცედურის დასრულებისთანავე, პრეპარატი ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება.
"ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია Merck-ის მიერ წარმოებული "მოლნუპირავირი"/Molnupiravir, რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, შესაძლებელია, საქართველომ "ფაიზერის" მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებულ მედიკამენტი "პაქსლოვიდიც" მიიღოს.
"დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. მისი მიღება ადვილია პაციენტებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და მოგვცემს კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მანამდე, დღევანდელ პირობებში, საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, კონკრეტულად, კოვიდის შემთხვევაში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დეკემბერში, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პაქსლოვიდი და მოლნუპირავირი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.