"ქრისტიან-დემოკრატები" დევნილ ნანა ფიფიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ. ამ ფაქტის გამო ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
ამის შესახებ, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მცდარ და არაჰუმანურ პოლიტიკას უკვე ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილი ნანა ფიფიას სახით. ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, რისთვისაც ჩვენ ქრისტიან დემოკრატები მოვითხოვთ მინისტრის, კობა სუბელიანის თანამდებობიდან განთავისუფლებას",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" ასევე მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ნანა ფიფის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომ დევნილ ნანა ფიფიას მოთხოვანა იყო სამართლიანი, გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი. სამართლიანი მოთხოვნის დაუკამაყოფილებლობის გამო უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი",-აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში, აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის ნანა ფიფია თავის დაწვას შეეცადა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 30%-ზე მეტი ჰქონდა დამწვარი და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. ფიფია სამინისტროს წინ, მოშიმშილე დევნილებთან ერთად, თბილისის ნებისმიერ უბანში სამინისტროს საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვდა.
ნანა ფიფია დამცვრობის ცენტრში 18 ნოემბერს გარდაიცვალა.