ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გვარამიას თქმით, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით გაწერეს.
"მთავარი რაც იკვეთება, არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ორივე ფორმა ასი, 27-ის და 30 დეკემბრის, ორივე არის იდენტური, ყალბი. დადგენილი ვერნიკეს ენცეპალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან. იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დისმეტაბოლურ ენცეპალოპათიამდე. ამას ექიმები უკეთ ახსნიან.
რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა ასს, 30-ში ეს შედგენილია ზუსტად იგივე შინაარსით. 30-ის ფორმა ასს და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ჩანს, მან მეორედ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, არამედ აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. არ ვიცი ეს ვინ არის", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არა გაუმჯობესებული, არამედ გაუარესებულია.
"ეს კაცი არის ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში, უარესად არის. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ დაბრუნდა იგივე წონით, რითაც გავიდა, რაც ნიშნავს, რომ რეფიდინგით არ მომხდარა მისი აღდგენა და არც წონის მატება აქვს. პირიქით, კუნთების მოდუნება აქვს და ასე შემდეგ წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ, დაეწიათ წნევა მისთვის, მეტი არაფერი მომხდარა", - თქვა ნიკა გვარამიამ.