პარლამენტის წევრებს პლენარულ სხდომათა დარბაზში, სამუშაო ადგილებზე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული მასალები დახვდათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და კვლევით ცენტრს.
„მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში ეხმარებიან საქართველოს პარლამენტს როგორც ინსტიტუციას, რომ როგორც მისი საკანონმდებლო, ისე მისი საზედამხედველო ფუნქცია იყოს გაძლიერებული, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა ეკუთვნით“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებისთვის მიწოდებულ მასალებს შორისაა: პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანალიტიკური პერიოდული გამოცემა - საკვანძო საკითხები; ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი „პარლამენტის წევრის გზამკვლევი კვლევითი ცენტრის შესახებ“; ბროშურა კვლევითი ცენტრის შესახებ ზოგადი ინფორმაციით; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, ევროკავშირთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან ერთად მომზადებული მასალები საპარლამენტო კონტროლის, თემატური მომხსენებლის, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლისა და სხვა საკითხების შესახებ.