"ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხადებით, დღეს რეალურად ოპოზიციის "ქრისტიან-დემოკრატიზაცია" მიმდინარეობს.
ამის შესახებ თარგამაძემ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სიმართლით შემიძლია განვაცხადო, რომ ოპოზიციის "ქრისტიან-დემოკრატიზაცია" მიმდინარეობს. ჩვენ 2 წლის წინ ვამბობდით რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მაშინდელი აპრილის აქციებზე, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იყო გამოსული, ოპოზიციამ საპროტესტო მუხტი არასწორად გამოიყენა. მათ რეალურად გამართლებული მოთხოვნების ნაცვლად, ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა დააყენეს პირველ ადგილზე, რითაც მოთხოვნების თანმიმდევრობას არასწორი სახე მიეცა. მაშინვე ვთავაზობდით "ქრისტიან-დემოკრატები", რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროცესი დაწყებულიყო. თუმცა, მათ ჩვენი ლანძღვა-გინება დაიწყეს და ბრალს გვდებდნენ ხელისუფლებასთან კავშირში და ჩვენ მოთხოვნებს მიაკერეს, რომ ჩვენ ოპოზიციის "ქრისტიან-დემოკრატიზაცია" გვინდოდა. თუმცა, დღეს რეალურად ეს პროცესი მართლაც მიმდინარეობს. საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებით დაიწყება ქვეყნის დემოკრატიცაზია და სტაბილურობა", - განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძემ აღნიშნა. რომ მისი პარტია წინააღმდეგია ხელისუფლების ამბოხებებისა და რევოლუციის გზით შეცვლის. "საარჩევნო გარემოს შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წამოწყებულ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია", - განმარტავს გიორგი თარგამაძე.