„ქართული პარტია" მოითხოვს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან გადააყენოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. „ქართულ პარტიას" მიზანშეუწონლად მიაჩია განათლების სისტემის სათავეში ისეთი მინისტრის ყოფნა, რომელიც „მიზანმიმართულად ანგრევს განათლების სისტემას". ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მოსწავლეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის ნაცვლად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თავად ლახავს მათ. დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლებში დანერგა ციხეში აპრობირებული მართვის სტილი და მეთოდები", - ნათქვამია „ქართული პარტიის" განცხადებაში.
„ქართული პარტია" ასევე აცხადებს, რომ დიმიტრი შაშკინი ხშირად მიმართავს რეპრესიებს განათლების სისტემის იმ მუშაკების წინააღმდეგ, ვინც ვერ ახერხებს ხელისუფლების ქმედებების მიმართ გამოთქმული პროტესტის ჩახშობას.
"სწორედ ამ მიზეზით გაუშვა მან სამსახურიდან თბილისის იმ საჯარო სკოლების დირექტორები, რომლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წინ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებულ საპროტესტო აქციაში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ქართული პარტიის" განცხადების მიხედვით, „საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამები, შესაბამისობაში არ არის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან. მთი თქმით, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
"დისციპლინის განმტკიცების მოტივით, საჯარო სკოლებში დაინერგა მანდატურის ინსტიტუტი, რომელსაც, რეალურად, პოლიტიკური დატვირთვა აქვს - მადესკრიდიტირებელი ინფორმაციის შეგროვება საჯარო სკოლების მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და დირექტორებზე, რათა ეს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში გამოყენებული იყოს პოლიტიკური შანტაჟისთვის", - აცხადებს „ქართული პარტია".