საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი პოლიტიკურ საქმეებზე.
"ეს საქმეებია - სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე. ის საქმეები, რაც საზოგადოების დიდი რაოდენობის მიერ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების პროცესში ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, წინაპირობა ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მაგიდასთან, ყველა ვინც ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.