საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატიმარია.
"ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
"გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეებია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე. ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად. შეიძლება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები. ეს ნიშნავს, რომ გადაფასებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ. შესაბამისად, როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი,წინაპირობა არ შეიძლება იყოს საუბრის აქტორების დევნა ან პატიმრობა. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.