საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია სასაკლაოების მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ხორცზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
"თუ ჩვენ მოვაწყობთYსპეციალურ სასაკლაოებს, ეს გამოიწვევს ამ ბიზნესის მონოპოლიზაციას. გარდა ამისა, შემოიღებთ ლიცენზიას, რომელზეც კოლოსარულ თანხებს დააწესებთ. ყველაფერი აქედან გამომდინარე, თავისთავად მოხდება ხორცზე ფასის ზრდა. ამიტომაც, ეს ნორმა კანონიდან უნდა იქნეს ამოღებული", - განაცხადა ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, თუმცა აქვე განმარტა, რომ
ვეტერინალური კონტროლის გამკაცრებას მიესალმება.
"ვეტერინალური კონტროლი სულ სხვა რამეა, მაგრამ სასაკლაოების შემოღების აუცილებელობას ვერ ვხედავ. ევროსტანდარტები, სჯობს, პენსიებისა და საარსებო მინიმუმის საკითხებში დააწესოთ, რომლებიც ძალიან დაბალია", - მიმართა ბაღათურიამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძეს, რომელიც შესაბამისი საკითხის მომხსენებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბაღათურიას აღნიშნულ გამოსვლას ცინცაძე სხდომაზევე გამოეხმაურა და განმარტა, რომ "სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები საქონლის მაინცდამაინც სასაკლაოებზე დაკვლას სულაც არ ითვალისწინებს.
"არ არის აუცილებელი, რომ საქონელი მაინცდამაინც სასაკლაოებზე იყოს დაკლული, მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს ისეთ, იზოლირებულ ადგილებში, რომ ადამიანებზე რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდეს", - განუმარტა მინისტრის მოადგილემ ბაღათურიას.