თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, ვინც Covid-19-ის სამკურნალო აბებს მიიღებს. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა,
ცერცვაძის თქმით, საუბარია Pfizer-ის მიერ წარმოებულ ანტივირუსულ პრეპარატ Paxlovid/პაქსლოვიდსა და Merck-ის მიერ წარმოებულ ანტივირუსულ პრეპარატ Molnupiravir/მოლნუპირავირზე.
მისივე თქმით, "პაქსლოვიდი" 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას, თუ პირველივე დღეებში მივცემთ მას პაციენტს, ხოლო "მოლნუპირავირი" - 30%-ით.
"გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს", - განაცხადა ცერცვაძემ.
გასულ დღეებში, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პაქსლოვიდი და მოლნუპირავირი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.