ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანეთის ჯარების განლაგება რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინა არ არის ნატოს წევრი.
"ფაქტია, რომ [უკრაინა] არ არის ნატოს წევრი და, შესაბამისად, ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უკრაინაში ჯარები გაგზავნოს რუსეთის გამოწვევის მიზნით", - განაცხადა მდივანმა უოლესმა Spectator-თან ინტერვიუში.
უოლესის განცხადებით, ტყუილი დაპირების გაცემა არ არის საჭირო და კიევმაც იცის, რომ ლონდონი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.
თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კრაინაში ამერიკული ჯარების განლაგების გეგმები ვაშინგტონში არ განიხილება.
ნოემბერში დასავლეთმა რუსეთი უკრაინის წინააღდეგ სამხდრო აგრესიის მომზადებაში დაადანაშაულა. სატელიტით გადაღებული ფოტოები და დაზვერვის ანგარიშები ცხადჰყოფენ, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, რუსეთმა თავი მოუყარა მრავალათასიან არმიას და სახმედრო ტექნიკას.
მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს და ვაშინგტონისა და ნატოსგან "წითელი ხაზების" დაცვას მოითხოვს.
პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების საკუთარი პროექტი, რომელიც ეფუძნება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას.
ბრიუსელმა და ვაშინგტონმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთთან სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხები განიხილონ, მაგრამ უკრაინის და სხვა ქვეყნების ბედი მხოლოდ მათი მონაწილეობით და მათთან თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს.