საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს, - ამის შესახებ ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატი ავრცელებს.
ამ განცხადებით, საგარეო უწყება ეხმიანება ბერლინის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ (ციტატა:) "ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო".
ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის", - ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.