"სახელმწიფო ტერორიზმის აქტი" - ასე დაახასიათა ბერლინში გამართული პროცესის დასრულებისას, მოსამართლემ ის მკვლელობა, რომელიც 2019 წლის 23 აგვისტოს მოხდა.
ამ მკვლელობაში ბრალდებულს, რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს თავისუფლების უვადო აღკვეთა გუშინ, 15 დეკემბერს მიუსაჯა. ბერლინის უმაღლესი სასამართლო 14 თვის განმავლობაში განიხილავდა იმ მკვლელობის საქმეს, რომელმაც ძალიან სერიოზული ბზარი გააჩინა გერმანიასა და რუსეთს შორის. საუბარია საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, რომელიც ბერლინში, 2019 წლის აგვისტოში მოხდა.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გერმანიის გენერალური პროკურორის მტკიცება იმის შესახებ, რომ კრასიკოვმა მკვლელობა სწორედ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩაიდინა.
პარალელურად, როგორც კი განაჩენი ცნობილი გახდა, გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა და ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ "სახელმწიფოს დაკვეთით ჩადენილი ეს მკვლელობა წარმოადგენს გერმანული სამართლის და სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას."
მან საზოგადოებას ამცნო, რომ რუსეთის ელჩი უკვე დაიბარა და შეატყობინა, რომ მისი დიპლომატიური სამსახურის ორ წარმომადგენელს აძევებს. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ მომხდარი ძალიან ართულებს რუსეთთან ღია და გულწრფელ დიალოგს.
სასამართლოს მიმდინარეობისას, გერმანულმა პროკურატურამ დაამტკიცა, რომ ხანგოშვილი, 2019 წლის აგვისტოში რუსეთის სახელმწიფოს დაკვეთით ბერლინში, ტირგარტენის პარკში მოკლეს. სასამართლოს განაჩენში ხაზი გაესვა 56 წლის ვადიმ კრასიკოვის ბრალის სიმძიმეს, რაც ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავს. ჯერ კიდევ სასამართლო სხდომების დროს, პროკურორი ნიკალუს ფორშნერი აცხადებდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა უთუოდ პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და მკვლელი რუსეთის სპეცსამსახურთან დაკავშირებული პირი იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, კრასიკოვი ბერლინში პოლონეთისა და საფრანგეთის გავლით ვადიმ სოკოლოვის ყალბი დოკუმენტებით ჩავიდა, დახვდა ხანგოშვილის პარკში და სამი გასროლით მოკლა. ამასთანავე კრასიკოვი ნახეს თვითმხილველებმა, ის გარე სათვალთვალო კამერებზეც არის დაფიქსირებული, ხოლო მისი მარშრუტი იმ სიმ-ბარათის მიხედვით აღადგინეს, რომელიც ტელეფონში უპოვეს. სასამართლო სხდომების დროს დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის კრასიკოვის ნათესავიც, რომელიც უსაფრთხოების პირობების დაცვით უკრაინიდან ჩაიყვანეს. დამდგარი განაჩენის წერილობითი დასაბუთება მომდევნო წლის იანვარში იქნება გამოქვეყნებული.
ასევე, როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური პროკურატურა გავიდა მკვლელის თანამზრახველის კვალზეც, ეს რუსეთის მოქალაქის რომან დავიდოვის პასპორტის მქონე პირი იყო, რომელიც სავარაუდოდ სინამდვილეში რომან დემიაჩენკოა, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელი.
როგორც ახლა გერმანელი ექსპერტები ამბობენ, ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დადგა არა მხოლოდ უშუალო მკვლელის-კრასიკოვის მიმართ, არამედ რუსეთის ხელისუფლების და პირადად ვლადიმერ პუტინის მიმართაც და ეს თემა მხოლოდ ორი დიპლომატის გაძევებით არ დაიხურება.
ლევან თოფურია