დღეს, ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ. დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტყობინება Deutsche Welle.
დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 56 წლის რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კ.-მ მოკლა.
გენერალური პროკურორი ფორშნერი აცხადებად, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების ბრძანებით განხორციელდა და ვადიმ კ. დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებული ბერლინში ვადიმ სოკოლოვის სახელზე რეგისტრირებული ყალბი პასპორტით, საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით, ჩავიდა.
სასამართლო პროცესი დაახლოებით 14 თვე გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის 50 მოწმე დაიკითხა.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა.