"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიცია "ბოლო რევოლუციურ ნაბიჯზეც წავა".
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, "კინოს სახლში", პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
"რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდება, თუ თქვენ არ ჩაერევით. ჩვენ ბოლო რევოლუციურ ნაბიჯზეც წავალთ, მაგრამ თქვენს გარეშე არაფერი გამოვა", - მიმართა გაჩეჩილაძემ ახალგაზრდებს.
ამასთან, მისივე შეფასებით, ოპოზიციური ბრძოლის უშედეგოდ დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ "ახალგაზრდების სიმცირე" იყო.
"არ ვიცი, რამდენად გაინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ თქვენი ქვეყნის მომავალი. ახალგაზრდებს აქვთ 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ძალა და პატრიოტიზმი. ვერავინ ვერაფერს გავხდებით, თუ თითოეული თქვენგანი არ ჩაებმება ბრძოლაში", - განუმარტა გაჩეჩილაძემ ახალგაზრდებს.