პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით, ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს.
„ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის, ყველანი აბსოლუტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე, შეძლოს მაინც გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.
„მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა. ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.