საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საახალწლო მიღება პრეზიდენტისთვის ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ზურაბიშვილის თქმით, მომდევნო დღეებში გამართავს ასევე ღონისძიებებს სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეს ყველას ერთად მიწვევის საშუალება არ ჰქონდათ.
„მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით და ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე, რომ ასეთი ტიპის მიღება მგონი არის ძალიან ჩვეულებრივი პრეზიდენტისთვის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეს საშუალება არ გვეძლევა, რომ ყველა ერთად მოვიწვიოთ. ამიტომ, ეს არ არის რაღაცა არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ასევე არის ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს რაღაცა ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამითი არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი, რაღაც ერთი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, მგონი, პოზიტივია და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული და გეტყვით, რატომ მიმაჩნია ასე. ერთი მხრივ იმოტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო უკვე არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა, გამოვიდეთ ამ რაღაცა ახალგაზრდული, ვიტყოდი, ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიებას არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტია „დროა“ და „ევროპული საქართველო“.