"საქართველოს გზა" 2011 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ "საქართველოს გზის" ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრმა ნათელა მაჭავარიანმა განაცხადა.
ფრაქციის დანარჩენმა წევრებმა კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ კი დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"17 ნოემბერს შედგა შეხვედრა ქალაქის მერსა და ფრაქცია "დედაქალაქს" შორის, რომლის შემადგენლობაშიც არის პარტია "საქართველოს გზა" , "ეროვნულ საბჭოსთან" ერთად . სადაც განვიხილეთ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. წარვადგინეთ რამდენიმე ინიციატივა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებებიდან. განხილვის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება , 2011 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება "ეროვნული საბჭოს" და "საქართველოს გზის" წინადადებები, რაც ითვალისწინებს საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების დაფინანსებას და ნარკომანიის პრევენციას. მოგეხსენებათ ნარკომანიის პრევენცია ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვს რამდენად პრიორიტეტულია. მიგვაჩნია, რომ ეს მართლაც არის პირველი წარმატება თბილისელებისთვის, ვინაიდან მოხდება თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე სრულად დაფინანსება მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირების და იმავდროულად მოხდება ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის რეორგანიზაცია, რომელსაც დაემატება განყოფილება სპეციალურად ნარკო დამოკიდებული ქალებისთვის. მიუხედავად წინამდებარე ინიციატივების გათვალისწინებისა , ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ არ შეცვლილა. ეს არ ნიშნავს იმას რომ, ხვალ უდანაშაულო ადამიანებს არ დააპატიმრებენ, ბიზნესმენებს არ დაატერორებენ, სიტყვის თავისუფლება არ იქნება შეზღუდული...", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მის პარტიას არ ჯერე ხელისუფლების კეთილი ნების და ეს დათმობები პიარზე უფროა ორიენტირებული ვიდრე შედეგზე.
"სწორედ ამ მიზეზების გამო პარტია "საქართველოს გზა" არ აპირებსთ დაუჭიროსთ მხარი 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტს, თუმცა კვლავ გვექნება ინიციატივები ქალაქის ხელისუფლებასთან და მოვთხოვთ მათ თბილისელებისთვის დაპირებების შესრულებას", - განმარტა მაჭავარიანმა.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილება.