"ჩემი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, თუკი დღის ბოლოს ჩემს თავს ვერ ვიტან ესე იგი საქმე ცუდადაა." ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაზეთ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. რუსი ჟურნალისტები საქართველოს რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ვახშმად ბათუმში დაპატიჟა.
ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმის დროს რუსი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს საქართველოს პრეზიდენტი პასუხობდა, თან ქალაქის აღმშენებლობის შესახებ მოუთხრობდა და სამომავლო გეგმებზეც საუბრობდა.
პრეზიდენტობის შემდეგ...
"ასე შორს არ ვგეგმავ. უფრო ხილვად დისტანციებს ვანიჭებ უპირატესობას. ისტორია დღეს ძალიან მალე იცვლება იმისათვის, რომ ხანგრძლივვადიანი გეგმები დასახო", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც რუსმა ჟურნალისტმა შესაძლო პრემიერობაზე მიუთითა.
"გამორიცხულია. ჩვენთან პრემიერს კონკრეტული ვალდებულებები აქვს, ამასთან ერთა იგი პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული. თქვენთან კი პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის მოხსნა შეუძლია", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს თავისებურების შესახებ...
მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამ სიმცირის გამო მისი მართვა უფრო ადვილი როდია. ეს ძალიან რთული ქვეყანაა მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით.
ვიტყვი ასე: ჩემს გვერდით არის 5-6 ადამიანი, რომელთაც ქვეყნის მთავარი ინსტიტუციების მართვა შეუძლიათ. საინტერესო თავისებურებაა: ჩვენთან თავად ინსტიტუტი (პარლამენტი, პრეზიდენტობა, პროკურატურა) უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი მეთაური. თბილისში მოსახლეობის მხოლოდ 20% მიჭერდა მხარს და იცით რატომ? ძალიან ბევრ ფუნქციონერს დაატოვებინეს სამსახური, გააუქმეს ასობით თანამდებობა. კიდევ მეტიც შეიძლება. მეც კი ჩემი დატვირთულობის მიუხედავად მაინც მაქვს თავისუფალი დრო. ჩინოვნიკი არ უნდა უსაქმურობდეს. 10 ათასი ჩინოვნიკიდან ჯერჯერობით 3 ათასი დავტოვეთ.
საქართველო ეგალიტარული ქვეყანაა - აქ სხვა ფსიქოლოგიაა - ჩვენს მეფეებს ფუფუნებაში არ უცხოვრიათ ისინი თავად იდგნენ ჯარის სათავეში.
ოცნებები რუსეთში და ელცინთან შეხვედრა...
რუსმა ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მისი პირადი მონებების გახსენება სთხოვეს, გაახსენეს კიევის უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტობა, აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰყოლია მოსკოველი შეყვარებული.. აი სანქტ-პეტერბურგელებს კი იგი განსაკუთრებულ და განსხვავებულ ადამიანებად მიიჩნევს, რომლებიც არავის არ გვანან:
"90-იან წლებში ტაქსში საფულე დამრჩა, მძღოლი ლამის კილომერტის მანძილზე მომსდევდა", _ იხსენებს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ საუბარში წარმოშობით პეტერბურგელი ჟურნალისტი ერთვება და საქართველოს პრეზიდენტს ამ ქალაქში ეპატიჟება.
"რუსეთში მრავალი ოცნებობს ურალის მაღაროებში გამაგზავნოს", _ ღიმილით შენიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიპატიჟების პასუხად და ბორის ელცინთან თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა და თან აღნიშნა, რომ მას იგი მას პატივს სცემს.
"რუსეთის პირველ პრეზიდენტს მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ასტანაში შევხვდი, სადაც მან ბრწყინვალე ექსპრომტი წარმოსთქვა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ნაზარბაევის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი საზეიმო დღეები მიმდინარეობდა. ელცინი ყაზახებმა არაოფიციალურად დაპატიჟეს, რაც პუტინისათვის არასასიამოვნო იყო.
დიდ მრგვალ მაგიდასთან ვვახშმობდით. გვერდიგვერდ ვისხედით, ელცინმა მისალმებას არ უპასუხა. დავასხით. ავლაპარაკდით. მოპირდაპირე მხარეს მჯდარი პუტინი დაძაბულად ადევნებდა ყოველივეს თვალს და უსმენდა.
მიხეილ სააკაშვილმა ამ დროს მოყვა, თუ როგორ უსმენდა 90-იანი წლების დასაწყისში წითელ მოედანზე ჟირინოვსკის გამოსვლას, ამ დროს კრემლიდან გამოვიდა ელცინი და ტვერსკაიას ქუჩისკენ ფეხით წავიდა. ხალხი მას გაყვ, მათ შორის სააკაშვილიც. პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინ პირველად ნახა ახალი ფორმაციის პოლიტიკოსი.
ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ელცინმა მაგიდაზე მუშტი დაარტყა: "გარეწრები" _ "ვინ?", _ გაისმა ირგვლივ კითხვები.
"რუსულ ტელევიზია. ქართველებზე ყველაფერს ტყუის", _ "ჩუმად, ჩუმად", _ შეშფოთდა პროტოკოლის სამსახური. "რა იყო, ჩემი ხმა ისმის?", _ გაკვირვება ხმამაღლა გამოუთქვამს ელცინს და ხმის დაუწევლად უთქვამს სააკაშვილისთვის: "გამომიგზავნეთ 2-3 ყუთი ღვინო, მალე იუბილე მაქვს".
"რუსეთში მალევე აკრძალეს ქართული ღვინის იმპორტი", _ შენიშნავს იქვე სტატიის ავტორი.
საზღვარი ჩრდილო კავკასიასთან და პატარა მაწანწალები...
ჩრდილო კავკასიასთან საზღვრის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტის თქმით მას ჩეჩნებით აშინებდნენ, თუმცა მისი აზრით: თუკი ქვეყანაში წესრიგია ხალხიც სხვაგვარად იქცევა.
პრეზიდენტის თქმით, ახლადგახსნილ საზღვარს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი კვეთს.
პრეზიდენტს თბილისში მათხოვარ ბავშვებზეც ჰკითხა: "ისინი ბოშები არიან, ვცადეთ მათი მოთავსება ინტერნატში, მათ ბარონებთანაც მოლაპარაკება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საფრანგეთში მათ ფული გადაუხადეს დეპორტაციისთვის და მაინც უკან დაბრუნდნენ. სამაგიეროდ, ჩვენს დევნილებს და გაჭირვებულებს ქუჩაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ. ყველა კეთილმოწყობილია", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.