"საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენ მკაფიოდ მივიღეთ გზავნილი, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებზე საუბარი შეეხო შიდა პოლიტიკურ პროცესებს და ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი.
„ფაქტიურად, მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა გავატაროთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომდევნო სამი წელი იქნება საუკეთესო პერიოდი იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არჩევნები. შესაბამისად, ყველა ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ როდესაც არ არის არჩევნები და არ არის საარჩევნო წელი, იმ პერიოდში ბევრად უფრო მარტივია რეფორმების გატარება. და ასევე, ყველა პარტნიორი და ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ ამ რეფორმების გატარების მთავარი ადგილი და ამ რეფორმებზე შეთანხმების მთავარი ადგილი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პარლამენტი და ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტს უგულვებელყოფს, ვერ გახდება საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის თანამონაწილე", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.