მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც არ უნდა მიეღო, ამან მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა, - აცხადებს "პირველი არხის" ცნობით, ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგი ოთარ თოიძე, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა.
"მიხეილ სააკაშვილი სამი დღის წინ მყავს ნანახი და უბრალოდ, დინამიკის შესაფასებლად ვარ მოსული, ვინაიდან, იყო გარკვეული ცვლილებით ნევროლოგიურ სტატუსში. მაშინ შეფასდა როგორც მძიმე ნევროლოგიური სიტუაცია, დღეს არის საკმაო ვადა გასული. ვნახოთ, ეს სიმპტომატიკა შემსუბუქდა, დამძიმდა, თუ იგივე სტატუსი დარჩა.
იგი ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც არ უნდა მიეღო, თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა დაამძიმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური, ასევე ნევროლოგიური სტატუსი. ეს მედიკამენტი დანიშნული იყო რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდგომ მოხდა დოზის რამდენჯერმე ცვლილება. პირველი ვიზიტისას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, მგონი 27 ნოემბერი იყო, გადავწყვიტეთ, რომ ეს მედიკამენტი მისთვის იყო ზედმეტი და დამაზიანებელი“,- განაცხადა თოიძემ.
თოიძის განმარტებით, პრეპარატის დანიშვნის მოტივი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაძინება უჭირს.
„პრეპარატის დანიშვნის მოტივი იყო ძილის გაუარესება, ძილის შეუძლებლობა. თქვენ გახსოვთ, რომ ლაპარაკი იყო ციხის სიტუაციაზე, მერე ლაპარაკი იყო „შუმოკებზე“, რომელიც არის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პაციენტში, რომელსაც ისედაც ფსიქოლოგიურად დაძაბული მდგომარეობა აქვს. რომ არაფერი ვთქვათ მეტაბოლური დაავადებაზე. პრეპარატი საძილედ იქნა დანიშნული, მაგრამ ამ პრეპარატს ძილის გაუარესებასთან კავშირი არა აქვს. ამ პრეპარატს კავშირი აქვს მისი ფსიქოსომატური სტატუსის გაუარესებასთან.
მდგომარეობა რომ არ უმჯობესდება,ამის მიზეზია ის დაავადება, რომელსაც ჩვენ ვეძახით ენცეფალოპათიურ სურათს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე. მისთვის დამახასიათებელია ასეთი მიმდინარეობა, ჯერ მწვავე ფაზაა და დასრულდა თუ არა მწვავე ფაზა, ძნელი სათქმელია. ნევროლოგიური დინამიკის სურათი ცვალებადია. არის გარკვეული ნიშნები, რომელიც დასტაბილურდა, არის გარკვეული ნიშნები, რომელიც გაუმჯობესდა. მაგრამ არის ნიშნები, რომელიც დამძიმებისკენ მიდის. თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ მისთვის საჭიროა სამოქალაქო მულტიპროფილური დაწესებულება, რაც არ შესრულდა, ახლა ალბათ ამ სიტუაციაში საჭიროა მულტიპროფილური, მაგრამ უკვე სპეციალიზებული დაწესებულება. არის რამდენიმე ჰოსპიტალი, სადაც ასეთ პაციენტებს ძირითადად მკურნალობენ. ეს არის ანორექსიით დაავადებულთა ჰოსპიტლები. ანუ ის დაწესებულებები, სადაც მოშიმშილეებს მკურნალობენ“,- განაცხადა ნევროლოგმა.