ზურაბ ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში ისევ ადანაშაულებს.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემა, რომლის რეაბილიტაციისთვისას უცხოური კრედიტებიდან შემოსული თანხმებით ათეულობით მილიონი ლარი გამოიყო, ისევ მოუგვარებელია.
"ოზურგეთის რაიონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 6 000 000 ლარი, რომელიც არამიზნობრივად გაიხარჯა. აღდგენითი სამუშაობეი არ ჩატარებულა, რის შედეგადაც წყალი სასმელად უვარგისია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კვლავაც არ მიეწოდება. ქობულეთის რაიონში ზენითის წყალსაცავის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა 2 400 000 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს სამუშაოები დასრულდა, წყალი უვარგისია და მოსახლეობას კვლავაც გრაფიკით მიეწოდება. დუშეთში 2007 წელს გამოიყო 1 318 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულებულად ითვლება, წყალი უვარგისია და წყლის მიწოდების გრაფიკი არ გაუმჯობესებულა. ხარაგაულის რაიონში მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯა 803 468 ლარი, თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით ეს თანხა 645 589 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები 2010 წლის 11 იანვარს დასრულდა, დღემდე ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ჭიათურის რაიონში მოსახლეობას წყალი 3 დღეში ერთხელ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებზე 234 000 ლარი დაიხარჯა.გურჯაანის რაიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 300 000 ლარი, მიუხედავად სამუშაოების დასრულებისა წყალი სასმელად უვარგისია და მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება", - ამტკიცებს ნოღაიდელი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებას და "საქმეების" ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.