9 დეკემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელფონო საუბარი გაიმართა.
ბაიდენი უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, ისევე როგორც მოსკოვის წინააღდეგ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს.
როგორც ზელენსკიმ თავის Twitter-ზე დაწერა ბაიდენმა საათნახევრიანი საუბრის დროს ისაუბრა პუტინთან ვიდეო სამიტის შესახებ რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა.
"ჩვენ ასევე განვიხილეთ დონბასში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ფორმატები და შევეხეთ უკრაინის შიდა რეფორმების მიმდინარეობას", - ამბობს ზელენსკი.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება წარიმართოს უკრაინის გარეშე. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გაუწევს ყველა საჭირო დახმარებას, რათა უკრაინას ნებისმიერ დროს ჰქონდეს საპასუხო ბრძოლის უნარი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში.
ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანდრეი სიბიგას თქმით, საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მზადაა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ "მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული უსაფრთხოების ვითარება და მისი მშვიდობიანი გადაწყვეტის პერსპექტივები იყო".
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურებმა "არსებითად განიხილეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერის გზები, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა მიმდინარე ჰიბრიდული აგრესიის დასაძლევად, საუბარი ენერგეტიკული უსაფრთხოების თემასაც შეეხო".
ზელენსკიმ ბაიდენთან საუბრისას განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის პოპულარიზაცია "უკრაინას რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორს ართმევს".
ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს ნორმანდიის ფორმატის მხარდასაჭერად მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ის და უკრაინის ლიდერებმა მოსკოვს მოუწოდეს "დაძაბულობის დეესკალაციისკენ" და შეთანხმდნენ, რომ "დიპლომატია საუკეთესო გზაა მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად კონფლიქტების მოგვარების საქმეში".
თეთრი სახლი ასევე იტყობინება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა ნატოს მოკავშირე ქვეყნების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის ლიდერებს.
ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ასტა სკაისგირიტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს დაჰპირდა "დამატებით სამხედრო შესაძლებლობებს" და ასევე დაარწმუნა, რომ რუსეთთან არანაირი შეთანხმება მათ ზურგს უკან არ დაიდება.
მისივე თქმით, ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორების ჩართვას რეგიონულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში.