"ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვექნება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა უფრო ბევრად ხელმისაწვდომი გახდა ქართველი სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის.
" როდესაც ორი წლის წინათ აქ ვიდექით, თქვენ თქვით, რომ საქართველოს ექნებოდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი და თქვენ სიტყვა შეასრულეთ. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და მადლიერი ვართ, რომ პირობა შეასრულეთ. ეს ქართველებისთვის ბევრად ამარტივებს ევროპაში მგზავრობას და უფრო იაფიც არის. ევროპა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ტურისტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვექნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
"იმედი მაქვს ჩვენს დავალებას შევასრულებთ და თუ მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართა, პროექტი უახლოესი მომდევნო თვეების განმავლობაში დაიწყება. ჩვენ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.