"არასოდეს დაგვავიწყდება ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ევროკავშირმა ძალზე პრინციპული დამოკიდებულიებით შეასრულა პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროსოსთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს კეთილდღეობისთვის ომის შემდეგაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
" მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო. როგორც ყოველთვის, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალზე შედეგიანი იყო. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის მახარებს, რადგან თითოეული შეხვედრის შემდეგ, აუცილებლად ხდება რაიმე პოზიტიური. ეს რეალურად, ხდება ყოველი დიპლომატიური ურთიერთობის დროს. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ჩამოდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. არ მგონია ამის მიზეზი ამინდი იყოს, რომელიც საქართველოსთან შედარებით, თბილია. ვფიქრობ, ისინი უფრო მოხიბლული არიან ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული შედეგით. თქვენ ასევე ახსენეთ რამდენიმე მათგანი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განთავსებას.